პრემიერ ლიგის ამ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართება და ერთმანეთს არსენალი და მანჩესტერ სიტი დაუპირისპირდებიან.
ორი სეზონის განმავლობაში ეს ორი გუნდი პრემიერ ლიგის ტიტულისთვის იბრძოდა და მათი დაპირისპირებები ერთგვარ კლასიკად ჩამოყალიბდა. სიტი ორივე შემთხვევაში ჩემპიონი გახდა და არსენალს ყოველთვის ცოტა აკლდებოდა ტიტულამდე, თუმცა შარშან ორივე გუნდის ცუდი ფორმით ლივერპულმა ისარგებლა და სწორედ ის გახდა ჩემპიონი.
რაც შეეხება წლევანდელ სეზონს - არსენალმა სეზონი დამაჯერებლად დაიწყო. მიკელ არტეტას გუნდმა 4-დან 3 თამაში მოიგო და ის1 მარცხი ლივერპულთან იწვნია ენფილდზე. გასულ ვიქენდზე მეთოფეებმა ნოტინგემ ფორესტს უმასპინძლეს და მეტოქეს 3:0 სძლიეს. თავი გამოიჩინეს ახალწვეულებმა - ვიქტორ გიოკერეშმა და მარტინ სუბიმენდიმ,რომელმაც დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ზაფხულში განხორციელებულმა ტრანსფერებმა მიკელ არტეტას გუნდი კიდევ უფრო მძლავრი გახადა. მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ნონი მადუეკე იყო, რომლის ტრასნფერს ბრიტანულ მედიაში სკეპტიკური შეფასება მოჰყვა მისი ფასის გამო. ასევე, მეთოფეებმა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს ატლეტიკ ბილბაოს წინააღმდეგ.
არსენალის დაცვითი ბლოკი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია ევროპის მასშტაბით, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს - წლევანდელ სეზონში ჩატარებული 5 მატჩიდან მხოლოდ 1 გოლი აქვთ გაშვებული, ისიც დომინიკ შობოსლაის ულამაზესი საჯარიმო დარტყმით.
რაც შეეხება მანჩესტერ სიტის - სეზონის დასაწყისი იდეალური ნამდვილად არ გამოვიდა, რადგან ჩატარებული 4 ტურის შემდეგ გუნდმა მხოლოდ 6 ქულა დააგროვა. ტოტენჰემთან და ბრაიტონთან წაგებების შემდეგ, ქალაქელებმა შედეგები გამოასწორეს და ჯერ მანჩესტერ იუნატედს სძლიეს 3:0 ხოლო, შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე დაამარცხეს იტალიის ჩემპიონი ნაპოლი. სიტის საქმე გაუადვილა დი ლორენცოს მე-20-ე წუთზე მიღებულმა წითელმა ბარათმა.
არსენალთან დაპირისპირებაში სიტის მთავარი პრობლემა შეიძლება იყოს ფლანგის მცველები, რადგან ბოლო თამაშებში ამ პოზიციებს აბდუკოდირ ხუსანოვი და ნიკო ო’რაილი იკავებენ. თუმცა, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გუნდმა დაიმატა მსოფლიო კლასის მეკარე - ჯანლუიჯი დონარუმა, რომელსაც შარშან საოცარი სეზონი ჰქონდა და ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ქალაქებში მან უკვე 2 მატჩი გამართა და ორივეჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
გვარდიოლას არსენალთან დაპირისპირებისთვის 2 დღით ნაკლები მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა, რაც გუნდისთვის უარყოფითად აისახება. გუნდს ლონდონში ტრავმის გამო ვერ მიყვებიან - მატეო კოვაჩიჩი, აიტ-ნური, რაიან შერკი და ომარ მარმუში.
უკვე მივეჩვიეთ, რომ ეს გუნდები პრემიერ ლიგის ტიტულისთვის იბრძვიან და მათი თითოეული ურთიერთდაპირისპირება უდიდესი მნიშვნელობის იქნება. არსენალი ეცდება პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვოს სიტისთან, რაც ბოლო 2015 წელს მოახერხა. ბოლო 4 ურთიერთშეხვედრიდან ლონდონელებს არცერთი წაუგიათ (2 მოგება,2 ფრე). თუ ქალაქელები ვერ გაიმარჯვებენ ეს იქნება პირველი შემთხვევა პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში ,როდესაც ის ვერ მოუგებს ზედიზედ 5 თამაშს ერთსა და იმავე მეტოქეს.