გასული სეზონის დასრულებისას შეგრძნება მქონდა, რომ ამ სეზონის წინ ყველაზე დიდი ცვლილებები იყო განსახორციელებელი გრანდებში. თითქმის ყველგან პრობლემები იყო, რომელთა მოგვარების გარეშეც უფრო წარმატებული სეზონი წარმოუდგენელი იყო.
ყველა გუნდმა თავისებური გადაჭრის გზები მოძებნა - ზოგმა ბევრი ფული დახარჯა, ზოგმა მწვრთნელი შეცვალა, ზოგმა კი ფილოსოფია განაახლა.
რას გამოიწვევს ეს ცვლილებები? იქნება ეს ცვლილებები საკმარისი წარმატების მისაღწევად? ყველა ამ კითხვაზე პასუხს ამ სტატიაში იპოვით.
რა ცვლილებებია გრანდებში?
ამ სატრანსფერო ფანჯარაზე გრანდები ძალიან აქტიურები იყნენ და უმეტესობა ძალიან გაძლიერდა.
ესპანეთში საქმე არც ისე ცუდადაა
ატლეტიკო
სიმეონე ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მეორედ გადაასხვაფერებს გუნდს. ატლეტიკომ 10 ფეხბურთელი დაიმატა.ამ ტრანსფერებიდან რამდენიმე საკმაოდ ნორმალური იყო.სიმეონე ეცდება ის პრობლემები მოაგვაროს, რაც წინა სეზონში იყო, მაგალითად, დაცვის მარცხენა ფლანგი და კრეატიული ნახევარმცველი.
დაცვის მარცხენა ფლანგზე მატეო რუჯერის დამატება აშკარად ტოვებს მეტის სურვილს, თუმცა ბოლო რამდენიმე წელში ერთ-ერთი გამორჩეული “მეპასე” ალქს ბაენას დამატება ნამდვილად კარგ ტრანსფერად მოსჩანს.
აქვე ვახსენოთ ტიაგო ალმადა, რომელიც ამ კომპონენტში გამორჩეულია.
რეალი
რეალმა ძირითადად დაცვა გააძლიერა, თუმცა, ვფიქრობ, კიდევ ერთი ცენტრალური მცველი და ცენტრალური ნახევარმცველი სჭირდება, თუ 3 ცენტრალური მცველით აპირებს თამაშს, მაგრამ, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, რეალმა დაასრულა სატრანსფერო ფანჯარაზე ატიურობა და მხოლოდ ფეხბურთელების გაყიდვის შემთხვევაში დაიმატებს ახლებს.
აქ მთავარი ცვლილება არ არის ფეხბურთელებში. საქმე ისაა, რომ რეალი თითქოს “ფილოსოფიას” ცვლის. ისტორიულად, რეალის მწვრთნელები ერგებოდნენ რეალის ფილოსოფიას, რომელიც ”თავისუფალი” სტილით თამაშს ითვალისწინებდა. ეს კი გულისხმობს იმას, რომ გუნდის სტრატეგია მუდმივად იცვლებოდა.
მაგალითისთვის, გავიხსენოთ ანჩელოტი. მისი ფეხბურთელები ამბობდნენ, რომ ხშირად თამაშის წინ გეგმა არ ჰქონდა და მხოლოდ თამაშის მიმდინარეობისას, საჭიროებიდან გამომდინარე, იღებდა გადაწყვეტილებებს.
ახლა კი, რეალს ჰყავს ალონსო, რომელსაც თავისი ხელწერა აქვს. მისი გუნდი, როგორც წესი, 3-5-2 ან 3-5-1-1 ტაქტიკით თამაშობდა, იყო უფრო დისციპლინირებული და მეტად იყო ორიენტირებული ბურთის ფლობასა და მოკლე პასებზე.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ვნახეთ, რომ ალონსოს ბევრი აქვს სამუშაო, თუმცა არც ისე დიდი დრო აქვს ამისთვის.
ბარსელონა
ბარსამ მხოლოდ 27 მილიონი დახარჯა, რადგან ფინანსური პრობლემების ფონზე ფეხბურთელების დარეგისტრირება გაუჭირდებოდა.
მთავარი ის არის, რომ ჰანსი ფლიკს კონტრაქტი გაუხანგრძლივა.
ასევე დაიმატა მეკარე ჟოან გარსია და მარკუს რაშფორდი, რომელსაც შეტევის ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში.
გუნდი დატოვა დაცვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ინიგომ, რაც შეიძლება დიდი პრობლემა აღმოჩნდეს ბარსასთვის სეზონის მნიშვნელოვან მატჩებში.
თუმცა ბარსაში საქმე მაინც არაა ცუდად, რადგან გუნდი ძალიან შეთამაშებულია, გამომდინარე იქიდან, რომ უმეტესობა ან ესპანელია ან ბარსას აკადემიის პროდუქტი.
ინგლისში გრანდებს დიდი აქტიურობის მიუხედავად საქმეები ჯერ არ დაუმთავრებიათ
მანჩესტერ სიტი
სიტი ცდილობს რეალიდან როდრიგოს დამატებას. ასევე განიხილავს საყრდენის და მარჯვენა მცველის პოზიციების გაძლიერებას.
იანვრიდან სიტიმ 12 ფეხბურთელი დაიმატა.
ლივერპული
ლივერპულმა 350 მილონამდე დახარჯა, ჩაანაცვლა არნოლდი და გააძლიერა სხვა პოზიციებიც, თუმცა ფეხბურთელებიც სარფიანად გაყიდა და ცდილობს ცენტრალური მცველი და ფორვარდი ალექსანდერ ისაკი დაიმატოს.
არსენალი
არსენალმა ბევრი ფეხბურთელი დაიმატა. თითქმის ორი თანაბარი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ სუსტ წერტილად მარცხენა ვინგერი ითვლება და ამ პოზიციის გაძლიერებას ეცდება.
ჩელსი
ჩელსი ბოლო წლებში ძალიან აქტიურობს სატრანსფერო ბაზარზე და მის შემადგენლობაში ამ მომენტისთვის 39 ფეხბურთელია, ანუ 3 შემადგენლობაზე მეტი. მათი საშუალო ასაკი 22.7 წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავლისთვის გათვლილი პროექტია, თუმცა პროცესშიც აქვთ წარმატებები.
მანჩესტერ იუნაიტედი
იუნაიტედმა სამი შემტევი დაიმატა და სრულად დააკომპლექტა შეტევა. სავარაუდოა, რომ ცენტრალურ მცველს და საყრდენსაც დაიმატებენ იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე ფეხბურთელს გაყიდიან.
ტოტენჰემი
სპურსიც უჩვეულოდ აქტიურია ამ სატრანსფერო ფანჯარაზე. მან 6 ფეხბურთელი დაიმატა თითქმის ყველა ზონაში და ცდილობს სიტიდან სავიოს დამატებას.
იტალიაში გრანდები ცუდ დღეში არიან
ფინანსური პრობლემები გუნდების შემადგენლობებს ძალიან ეტყობათ. იტალიური გუნდები სატრანსფერო ბაზარზე კონკურენციას ვერ უწევენ სხვა ტოპ ლიგების გუნდებს.
მილანი
მილანმა ლიდერების დაკარგვის შემდეგ ტრანსფერები განახორციელა, მაგრამ არ ჩანს, რომ ეს საკმარისი იქნება, თუნდაც სკუდეტოსთვის საბრძოლველად.
მათთვის რამდენიმე მცველისა და ფორვარდის დამატებაა საჭირო იმისთვის, რომ გრძელ სეზონს გაუძლონ.
ინტერი
ინტერის შემადგენლობა გადაბერებულია და ძალიან სჭირდება გაახალგაზრდავება. გუნდი მთავარმა მწვრთნელმა (მწვრთნელობისთვის საკმაოდ ახალგაზრდა) სიმონე ინძაგიმ დატოვა და უფრო “ნორჩ” ქრისტიან კივუს გადააბარა.
იუვენტუსი
იუვემ ძირითადად იჯარით მოყვანილი საშუალო დონის ფეხბურთელები გამოისყიდა და ისეთივე არაკონკურენტუნარიანი შემადგენლობა ჰყავს, როგორიც წინა სეზონში ჰყავდა.
ნაპოლი
ნაპოლიმ რამდენიმე ძალიან საჭირო ტრანსფერი გააკეთა და შემდეგი სეზონისთვის, სკუდეტოსთვის ბრძოლაში, მთავარ ფავორიტად ითვლება.
ამ მომენტში ალბათ ყველაზე ნაკლებად მოქმედ ჩემპიონს უჭირს, რომლის მფლობელსაც ხშირად იმის გამო აკრიტიკებენ, რომ თითქოს მხოლოდ ფულის შოვნაზეა ორიენტირებული.
ფაქტია, დე ლაურენტისი რაღაცას სწორად აკეთებს, რადგან ბოლო 3 წლის განმავლობაში ორჯერ გახდა ჩემპიონი და გუნდსაც არ უჭირს.
რომა
რომაში მთავარი ტრანსფერი ალბათ ჯან პიერო გასპერინია, რომელმაც 9 წლიანი მუშაობის შემდეგ ატალანტა გამორჩეულ გუნდად აქცია, შემდეგ კი რომაელებს შეუერთდა.
როგორ ადაპტირდებიან გრანდები თანამედროვეობასთან?
ბოლო წლების მანძილზე, მატჩების რაოდენობის გაზრდასთან ერთად, იმატა რთული ტავმების რიცხვმა.
ამ ყველაფერზე “წუწუნი” პეპმა და იუგენ კლოპმა დიდი ხნის წინ დაიწყეს, თუმცა, რა თქმა უნდა, არავინ მოუსმინა,
ამის შემეგ გრანდებმა დაიწყეს შიდა სათასო თამაშებზე აკადემიის ფეხბურთელების გამოყვანა და, შესაბამისად, ამ ტურნირებმა ღირებულება დაკარგეს.
ორი შემადგენლობის ტენდენცია
გრანდებისთვის გამოსავლად დაისახა ორი მეტნაკლებად თანაბარი შემადგენლობის ყოლა. ეს აქამდეც გაუკეთებია რამდენიმე გუნდს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს მიდგომა უფრო მასშტაბური გახდა.
ტურნირების და მატჩების რაოდენობის ზრდასთან ერთად, გუნდებს მეტი ფულის გამომუშავება შეუძლიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტი ფეხბურთელის ყიდვას შეძლებენ.
შესაბამისად, გრანდები ცდილობენ, ერთ პოზიციაზე რამდენიმე მაღალკვალიფიციური ფეხბურთელი ჰყავდეთ, რათა ამ დიდ “მარათონში” მოახერხონ ტიტულებისთვის ბრძოლა.
იქიდან გამომდინარე, რომ ინგლისური გუნდები უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებენ, ამ ტენდენციას ყველაზე მეტად მათ აუწყვეს ფეხი, თუმცა ესპანური გრანდებიც არ ჩამორჩებიან.
ვითარება ოდნავ სხვანაირია ბაიერნის და პსჟ-ის შემთხვევაში. მათ არ ჰყავთ ორი თანაბარი შემადგენლობა, მაგრამ შიდა ჩემპიონატში კონკურენციის ნაკლებობა საშუალებას აძლევთ, რომ დაასვენონ ძირითადი შემადგენლობა.
ორი შემადგენლობის ტენდენცია იტალიურ ფეხბურთში
იტალიური გუნდები ფინანსების არ ქონის გამო ძალიან შორს არიან ორი თანაბრად დაკომპლექტებული შემადგენლობის ყოლასთან. მეტიც, ზოგიერთს ერთი კარგად დაკომპლექტებული შემადგენლობის ყოლაც უჭირს.
გამონაკლისები არიან ატალანტა და ინტერი, რომლებიც ცდილობდნენ 2 თანაბარი შემადგელობის ყოლას.
ინტერი, ძირითადად, “თავისუფალ აგენტებზე” მუშაობდა, რის ხარჯზეც შეაგროვა ფეხბურთელები, მაგრამ მათი უმეტესობა უკვე გადაბერებულია.
იმის გათვალისწინებით, რომ ფინალში განადგურების შემდეგ ინტერი დემორალიზებულია და ინძაგიმაც დატოვა გუნდი, რთული სავარაუდოა, ახალ სეზონში ინტერი ისეთივე კონკურენტუნარიანი იყოს.
ატალანტა დაბალი ბიუჯეტით ახალგაზრდებს იმატებდა, “ჩამოფასებული” ფეხბურთელებისთვის მეორე სიცოცხლის შთაბერვას ცდილობდა, რაც ძალიან კარგადაც გამოსდიოდა. მიუხედავად ამისა, ყველას გვესმის, რომ ატალანტა არ არის იმ მასშტაბების გუნდი, რომელიც კონკურენციას გაუწევს ევროპულ გრანდებს, თანაც გასპერინის გარეშე.
რას გამოიწვევს ეს ცვლილებები?
სეზონის დაწყებამდე ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ და ფრანგულ გრანდებში მწვრთნელები თითქმის არ შეუცვლიათ. მათი უმეტესობა ტრანსფერებით ძალიან გაძლიერდა და ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ მათ სტაბილური სეზონი ექნებათ.
ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა იტალიის სერია A-ში, წინა სეზონში, ყველა გუნდმა, მეორედან მერვე ადგილზე გასულთა ჩათვლით, ზაფხულში მთავარი მწვრთნელი შეიცვალა და უმეტესობას თითქმის იგივე შემადგენლობა ჰყავს.
უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტად უნდა ველოდოთ იმ გუნდების დომინაციას, რომლებიც ბევრ მაღალკვალიფიციურ ფეხბურთელს შეაგროვებენ. ამ ფონზე, იტალიურ გუნდებს ნაკლები შანსი ექნებათ სხვა ტოპ 5 ლიგის გრანდებთან კონკურენციის გასაწევად.
ასეთი მასშტაბური ცვლილებები დიდიხანია არ ყოფილა ევროპის ტოპ ლიგებში, ამიტომ გამორჩეული სეზონი გველის წინ.